როდის გამოვა ახალი firmware Samsung Galaxy მოწყობილობისთვის

ბოლო განახლების თარიღი : 14-03-2024

როდის გამოვა ახალი firmware

ახალ firmware-ზე მუშაობის დასაწყებად საჭიროა სპეციალური ინსტრუმენტი – PDK (Platform Development Kit). ამ ინსტრუმენტს Android-ის ყოველი ახალი ვერსიისთვის ქმნის კომპანია Google. მას შემდეგ, რაც PDK-ის შექმნა დასრულდება, Google უგზავნი მას Samsung-ს და სმარტფონების და პლანშეტების სხვა მწარმოებლებს.

ამის შემდეგ Google მომხმარებელს აცნობებს ახალი Android-ის გამოსვლის შესახებ, ხოლო Samsung იწყებს firmware-ის შემუშავებას. მის შემუშავებას საშუალოდ 6 თვე სჭირდება, თუმცა გამოშვების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

Samsung-ს არ შეუძლია firmware-ის შექმნაზე მუშაობის დაწყება მანამ, სანამ Google-ისგან არ მიიღებს საჭირო ინსტრუმენტებს.

firmware-ს ვერ მიიღებ მისი გამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე — საჭიროა მისი ადაპტირება კონკრეტული სმარტფონისთვის ან პლანშეტისთვის.

რატომ არ არის ცნობილი ახალი firmware-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი

სანამ ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, განვიხილოთ, თუ რისგან შედგება firmware. firmware შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  • საწყისი კოდი — ახალი Android საბაზისო ფუნქციებით, რომელიც შექმნილია კომპანია Google-ის მიერ. ამ ნაწილის დაყენება პირდაპირ სმარტფონზე ან პლანშეტზე არ შეიძლება, რადგან კოდის კონკრეტული მოწყობილობისთვის ადაპტაციისთვის საჭიროა მინიმუმ დრაივერების დამატება.

    firmware-ის შექმნა ნაგებობის მშენებლობას რომ შევადაროთ, საწყისი კოდი წარმოადგენს ახალი კონსტრუქციის კარკასს.

  • დრაივერები — საჭიროა Android-ის დასაკავშირებლად სმარტფონის ან პლანშეტის კომპონენტებთან: პროცესორებთან, მეხსიერებასთან, ღილაკებთან, კონექტორებთან, სენსორებთან და სხვა მიკროსქემებთან. დრაივერების შემუშავებას ახორციელებენ მიკროსქემების მწარმოებლები - Samsung და კომპანიები, რომლებიც უშვებენ მხოლოდ ამ კონკრეტულ დეტალებს.

    თუ მწარმოებლებს არ აქვთ ახალი firmware-ისთვის  შექმნილი სულ მცირე ერთი მიკროსქემის დრაივერი, მოწყობილობა ვერ შეძლებს ნორმალურად ფუნქციონირებას. თუ მობილურ ქსელთან კავშირის ჩიპების მწარმოებელს არ აქვს შექმნილი შესაბამისი დრაივერი, სმარტფონით ზარების განხორციელება შეუძლებელი იქნება. თუ კამერების მწარმოებელს არ აქვს მომზადებული კამერის დრაივერი, სმარტფონი ვერ შეძლებს სურათების გადაღებას. firmware არ იქნება გამოშვებული მანამ, სანამ ყველა კომპონენტის მწარმოებელი არ შექმნის გამართულად მომუშავე დრაივერს. დრაივერების შექმნას 2-4 თვე სჭირდება.

    დრაივერი კარკასის (Android-ის) და საძირკვლის (კომპონენტების) დამაკავშირებელი ცემენტია - მის გარეშე შენობა ჩამოიშლება.


  • მოწყობილობის მწარმოებლის სერვისები — განსაზღვრავს მთავარი ეკრანის, მენიუს პუნქტების, პროგრამების დიზაინს, ასევე უნიკალურ აპლიკაციებს და ფუნქციებს. მათ გარეშე ყველა სმარტფონს და პლანშეტს ერთი და იგივე გარეგნობა და ფუნქციები ექნებოდა. კოდის ამ ნაწილს ქმნის კომპანია Samsung.

    სერვისები — მოსაპირკეთებელი მასალებია: დეკორაციული აგური, შპალერი, კაფელი, საღებავი, პარკეტი.

ყველა კომპონენტის მომზადების შემდეგ, Samsung-მა უნდა გააერთიანოს ისინი და მოიყვანოს მუშა მდგომარეობაში. ამ ეტაპზე ტარდება firmware-ის საფუძვლიანი ტესტირება შეცდომების მოსაძებნად და გამოსასწორებლად. ტესტირების საერთო რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს.

firmware-ის საბოლოო ვერსია დამტკიცებულ უნდა იქნას კომპანია Google-ის მიერ - ეს პროცესი დასრულებული შენობის სახელმწიფო კომისიისთვის ჩაბარების ანალოგიურია. თუ Google-ს რამე არ მოეწონება, პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს საჭირო ვარიანტის შემუშავებამდე.

არავის შეუძლია firmware-ის გამოსვლის ზუსტი თარიღის განსაზღვრა, რადგან:

ა) მის შემუშავებაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს;

ბ) პროცესი გრძელდება სრულ ადაპტაციამდე და შეცდომების სრულად გამოსწორებამდე.

რომელი სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის გამოვა firmware

ფლაგმანური მოწყობილობებისთვის ახალი firmware-ის გამოშვება ხდება მათი გაყიდვების დაწყებიდან 18 თვის პერიოდში.

ფლაგმანური მოწყობილობა — Galaxy S, Galaxy Tab S, Galaxy Note სერიის სმარტფონები და პლანშეტები, საშუალო სეგმენტის ზოგიერთი მოდელი.

ახალი firmware ყველა მოწყობილობისთვის არ გამოდის.

დროთა განმავლობაში კონკრეტული მოდელებისთვის firmware-ის გამოშვება წყდება.

როგორ გავიგო, გამოვიდა თუ არა ახალი firmware

თუ სმარტფონისთვის ან პლანშეტისთვის ხელმისაწვდომია ახალი firmware, ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება შეტყობინება.

როგორ გავიგო, გამოვიდა თუ არა ახალი firmware

ანალოგიური შეტყობინება ჩნდება იმ შემთხვევაშიც, თუ მოწყობილობას კომპიუტერთან დააკავშირებ და გაუშვებ პროგრამას Smart Switch.

როგორ გავიგო, გამოვიდა თუ არა ახალი firmware

თუ შეტყობინება არ გამოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ:

  • firmware ჯერ არ არის ხელმისაწვდომი;
  • მოწყობილობა გამართულად არ მუშაობს (არსებული firmware არასწორადაა დაყენებული ან მოდიფიცირებულია, მოწყობილობა არ არის განკუთვნილი რუსეთის ტერიტორიაზე გაყიდვისთვის).

პირველ შემთხვევაში - დაელოდე განახლებას, მეორე შემთხვევაში - მიმართე სერვის-ცენტრს.

როგორ ჩამოვტვირთო ახალი firmware

Samsung არ განათავსებს firmware-ს ღია წვდომის სივრცეში. ახალი firmware-ის ჩამოტვირთვა ხდება მოწყობილობის მენიუდან ან პროგრამა Smart Switch-ის მეშვეობით.

firmware-ის ჩამოტვირთვა არ არის ხელმისაწვდომი Samsung-ის საიტზე.

როგორ დავბრუნდე firmware-ის ძველი ვერსიაზე

ოფიციალურად, გარანტიის დაკარგვის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ საჭიროა კარგად დაფიქრდე, სანამ განახლების გადაწყვეტილებას მიიღებ.

ცვლილებები ახალ firmware-ში

საწყის კოდში შეტანილი ყველა ცვლილება შეიძლება არ აისახოს ახალ firmware-ში. ცვლილებების დეტალური ჩამონათვალი გამოჩნდება ახალი firmware-ის დაყენების წინ.

ცვლილებები ახალ firmware-ში

შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

  • დაემატოს ახალი ფუნქციები და აპლიკაციები;
  • შეიცვალოს უკვე დაინსტალებული აპლიკაციების ფუნქციები;
  • წაიშალოს ზოგიერთი ძველი ფუნქცია და აპლიკაცია;
  • განახლდეს მენიუს და აპლიკაციების დიზაინი;
  • გამოსწორდეს შეცდომები.

როდის არ უნდა განვაახლო firmware

„როდის გამოვა ახალი firmware?“ — მხარდაჭერის ცენტრისთვის დასმული პოპულარობით მესამე კითხვა. თუმცა ამ კითხვის დამსმელ პირთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რისთვის არის ეს საჭირო.

შეგიძლია არ განაახლო firmware, თუ

  • მოწყობილობების მუშაობით და ფუნქციებით კმაყოფილი ხარ;
  • გინდა გქონდეს ახალი ვერსია, თუმცა არ იცი რისთვის;
  • მოწყობილობა იჭედება და ელემენტი სწრაფად იცლება — ამ გაუმართაობების აღმოფხვრა სხვა მეთოდებით შეიძლება.

როდის უნდა განაახლო firmware

  • თუ გსურს ახალ ვერსიაში არსებული კონკრეტული ფუნქციებით სარგებლობა;
  • თუ გსურს ხარვეზების გამოსწორება, რომლებიც ძველი ვერსიის მქონე ყველა მოწყობილობაშია დაფიქსირებული.

მადლობა გამოხმაურებისთვის!