რატომ გაჩნდა ჩემს მაცივარში ან საყინულეში წყალი ან კონდენსატი

ბოლო განახლების თარიღი : 27-11-2024

თუ მაცივარში გაჩნდა კონდენსატი ან ადგილი ჰქონდა წყლის გაჟონვას, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეასრულე ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები.

კონდენსატი მაცივარში
1 მაცივრის კარი არ დატოვო ღია დიდი ხნის განმავლობაში.

მაცივრის კამერასა და თბილი შენობის ტემპერატურებს შორის სხვაობის გამო, კარის გაღებისას მაცივრის შიდა კედლებზე შეიძლება კონდენსატი წარმოიქმნას. რაც უფრო დიდხანს იქნება მაცივრის კარი ღია, მით მეტი კონდენსატი წარმოიქმნება კამერის კედლებზე.

2 შეამოწმე, მჭიდროდაა თუ არა დახურული მაცივრის კარი.

თუ მაცივრის კარი მჭიდროდ არ იკეტება, მაცივრის კამერებში ტემპერატურა მატებას დაიწყებს. 

დარწმუნდი, რომ კარი მჭიდროდაა დახურული:

  • კარის დახურვას ხელს არ უშლის პროდუქტები,
  • გამოსაწევი კონტეინერები ბოლომდეა შედგმული,
  • კარის დახურვას ხელს არ უშლის თაროები,
  • მაცივრის კარის შუასადები არ არის დაზიანებული და დაბინძურებული.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მაცივრის კარის შუასადებს. თუ ის დაზიანებული ან დეფორმირებულია, მაცივრის კარის ჰერმეტულობა დაირღვევა. 

მაცივრის კარის შუასადები არ უნდა ძვრებოდეს
  • თუ მაცივრის კარის შუასადები კარს სცილდება — ჩასვი შესაბამის ღარში.
  • თუ მაცივრის კარის შუასადები დაზიანებულია (გაჭრილია ან ამოგლეჯილია) — ძველი შუასადების ახლით შესაცვლელად მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
  • თუ კარის შუასადებს ვიზუალური დაზიანებები არ აქვს, შეგიძლია შეამოწმო შემდეგი მეთოდით:
    1.  ჩახსენი მაცივრის ელექტროჩანგალი როზეტიდან დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და გააღე კარი.
    2.  შეაერთე ელექტროჩანგალი როზეტში და დახურე კარი.
    3.  ჩამოუსვი თითი რეზინის შუასადებს.
    •  თუ ჰაერის შეწოვა არ ხდება — ეს ნიშნავს, რომ შუასადები მჭიდროდ ეკვრის მაცივრის კედლებს და კონდენსატის წარმოქმნის მიზეზი სხვაა. 
    •  თუ გრძნობ, რომ ჰაერის შეწოვა ხდება — ეს ნიშნავს, რომ კარის შუასადები დაზიანებულია. მისი ახლით შეცვლისთვის მიმართე სერვის-ცენტრს.

შენიშვნა:

  •  კარის შუასადები რეგულარულად უნდა გაწმინდო, ექვს თვეში ერთხელ მაინც.
3 კონდენსატი შეიძლება წარმოიქმნას შენობაში არსებული პირობების გამო.
  • თუ ოთახში, სადაც მაცივარი დგას, ჰაერის ტენიანობა მაღალია — კონდენსატის წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს იყოს.
  • ასევე, კონდენსატი ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ზაფხულის პერიოდში, როდესაც ტემპერატურათა სხვაობა შენობასა და მაცივრის კამერას შორის უფრო დიდია, ვიდრე ზამთარში.
4 სანამ კერძს მაცივარში ან საყინულეში შეინახავ, დაელოდე მის გაგრილებას.

მაცივარში არ მოათავსო ცხელი კერძი. ამან შეიძლება გამოიწვიოს კამერებში ტენიანობის მომატება და ყინულის წარმოქმნა. სანამ მაცივარში შეინახავ, დაელოდე კერძის ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებას.

სანამ კერძს მაცივარში შეინახავ, დაელოდე მის გაგრილებას
5 მაცივარში პროდუქტები თანაბრად გაანაწილე.

პროდუქტები მოათავსე ისე, რომ მათ შორის საკმარისი ადგილი იყოს. ნუ მიაყრდნობ პროდუქტებს მაცივრის უკანა კედელს — ეს იმოქმედებს ჰაერის ნაკადის მოძრაობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ყინულის წარმოქმნა. ამიტომ დარწმუნდი, რომ მაცივარში პროდუქტები არ ეხება კედელს.

მაცივარში პროდუქტები ისე გადაანაწილე, რომ არ მოხდეს ჰაერის მოძრაობის შეფერხება. დარწმუნდი, რომ მაცივრისა და საყინულის კამერების სავენტილაციო ხვრელები არ არის დაბლოკილი.

ვენტილაციის გასაუმჯობესებლად, თანაბრად გადაანაწილე პროდუქტები

შენიშვნა:

  • თუ კონდენსატი მხოლოდ ბოსტნეულისა და ხილის მოსათავსებელ ყუთში წარმოიქმნება, ამის მიზეზი სავარაუდოდ თავად ამ პროდუქტებთანაა დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით ტენის შემცველი პროდუქტები: კიტრი, ბოლოკი, სალათის ფურცლები და სხვა. თუ ყუთი მთლიანადაა გავსებული და მასში გართულებულია ჰაერის ცირკულაცია, ბოსტნეულით გამოწვეული კონდენსატის წარმოქმნა გაძლიერდება. კონდენსატის რაოდენობის შესამცირებლად, ყუთი მთლიანად არ გაავსო და გაეცანი პროდუქტების სწორად შენახვის რეკომენდაციებს.
  • ზოგიერთი პროდუქტი შენახვისას აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს შეფუთული, რათა ამ პროდუქტებიდან ტენი არ აორთქლდეს და არ გამოიწვიოს მაცივარში კონდენსატის წარმოქმნა.

თუ ჩამოთვლილი რეკომენდაციები ვერ დაგეხმარა მაცივარში წყლისა და კონდენსატის გაჩენის პრობლემის აღმოფხვრაში, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისთვის მიმართე უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!